მარიამ უნდილაშვილი_„რეპორტაჟები 1978 წლის 14 აპრილის შესახებ“ 14 აპრილის ქრონიკებიდან



რეპორტაჟები 1978 წლის 14 აპრილის შესახებ“
14 აპრილის ქრონიკებიდან
სსიპ ქ.თბილისის N28 საჯარო სკოლის
XII კლასის მოსწავლე
მარიამ უნდილაშვილი
   დაღამდა. დავაბიჯებ  მარტო სუსხიან ქუჩებში  და ვფიქრობ -  როგორ ბნელა!  არ მეშინია, რადგან ამ სიბნელეშიც არის რაღაც გენიალურად ნათელი. ჰო, გაგიკვირდებათ და არ მეშინია! ამ სინათლის ანაბარა ვარ. არ ვიცი  საიდან გაჩნდა,  რა დავარქვა სახელად?  ალბათ, ეს საუკუნეების განმავლობაში  ჩვენში, ქართველებში გენეტიკურად დალექილი თავისუფლების სიყვარულია, რომელიც მაშინ გამოჩნდება ჩირაღდანივით, როცა სიბნელე იმდენად უკიდეგანო ხდება, რომ გზა აღარ ჩანს.
   ბნელა! სიბნელეს ნისლი ემატება და ნისლს გაზეთ ,,კომუნისტის“  შავ-თეთრი ფურცლები- ენას გვართმევენ! ენას - ცად სხივმიმფენ, გაცისკროვნებულს, ცისარტყელასავით მშვიდობისფერს, მყინვარივით წმინდას, სპეტაკს, თერგივით მღელვარეს, დარაჯს ჩვენი ენის, რწმენის,  ერთობის და მთლიანობისა.
     დიახ, სიბნელეში მივდივარ. მთვარეს ვუყურებ (რატომღაც დღეს სავსე და ნათელია). ვუყურებ და ვფიქრობ: კოსმოსის  ამთვისებელ სახელმწიფოს, რომელმაც მთვარემდეც მიაღწია, რა შეუშლის ხელს ჩვენი ენის გადათელვაში?!  ვფიქრობ, თუმცა ფიქრი არ სჭირდება, ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემს გულში და არა მხოლოდ ჩემს გულში, ანთებული ზემოხსენებული  ნათელია - თავისუფლების სიყვარული!
   განა შემთხვევითია გაზაფხული, დაუმორჩილებელი  აპრილის  მშიდი და ბნელი ღამე, სავსე მთვარე?!  არა, არც ეს ყველაფერია შემთხვევით და არც მე ვარ უბრალოდ ამ ყველაფერის მომსწრე, მე ბევრად მნიშნელოვანი ვარ. დღეს მე ილია ვარ, აკაკი ვარ, შოთა ვარ, უბრალო სტუდენტი ვარ, მოსწავლე ვარ მომავლიდან  ან უბრალოდ არავინ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ კმარა! დროა დაედოს ფასი ამდენ დაღვრილ სისხლს, ამდენ ჭირ-ვარამს და დღეს მე, უბრალო სტუდენტი ვიბრძვი, შიშველი და სუფთა ხელებით  ბნელეთის წინააღმდეგ. საუკუნეებია  ჩემი კულტურის ისტორიით და ფასეულობებით რომ იკვებება. უარაღო, თუმცა ყველაზე ძლიერი ვარ. განა შეიძლება ამქვეყნად არსებობდეს სადმე რამე იმაზე მეტი, ვიდრე მშობელი დედის, ანუ ჩემი შენდამი სიყვარულია?!
     ამ ფიქრებში თავზე დამათენდა და ალიონზე მოქმედებაზე გადავედი. ჩემ თანამოაზრე სტუდენტებს შევუერთდი და უნივერსიტეტში, ეგრეთწოდებული, აკრძალული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ვიცოდი, დიდ საქმეს ვეჭიდებოდი, მე ვარ და ჩემი ნაბადი-მეთქი, ვფიქრობდი და  ჩემ ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი. შემთვევით, ჩემი ლექტორი შემეფეთა და მეუბნება :
 _ შვილო, ( ასე პირველად მომმართავს ) არ ღირს. შენს  მომავალს საფრთხეს ნუ შეუქმნი,
 ,, პატარა კაცს დიდთანა როდის გასვლია  რამეო“?!
   მე თითქოს ვერ ვიგებ და ჩემს გზას ვაგრძელებ აუღელვებლად. ამ დროს  მესმის კალმის ტარის სინქრონული დარტყმა კარზე და მაღალი ტონი:
-         ეს კალამი რამდენიც არ უნდა აბრახუნო ამ კარზე, მას მაინც ვერ გააღებ. ასეთი უძლურია შენი ბრძოლა საბჭოეთის წინააღმდეგ. ერთი ციდა გოგო ხარ,  შენზე დიდ იმედს ვამყარებ და ამ ერთ ციდა გოგოს  რაში გაწყობს შეება იმპერიას, რომელსაც მსოფლიოს ერთი მეექვსედი უკავია? _ გამეღიმა, გულით გამეღიმა. ღიმილიანი სახით შემოვბრუნდი და  მშვიდი ხმით ვუთხარი:

-         ფიზიკის მარტივი კანონია: ნებისმიერ ქმედებას  უკუქმედება მოსდევს და თუ ამ კალმისტარს ინტენსიურად და მონოტონურად ვაკაკუნებთ, ამ კარს ოდესმე აუცილებლად გავაღებთ. და თუ სიმართლის ზღურბლზე ჩემთან ერთად თქვენც დააკაკუნებთ, ოდესმე აუცილებლად გაიღება და დაგანახებთ არა მოსკოვს, არამედ ,,შუადღის მზეს“.
     და აი, ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება შენზე. არ ვიცი, სახელად რა გიწოდო?! ხარ კი საერთოდ სახელის ღირსი?!  შავო ბნელეთო, ჩემთვის უსასრულო და უკიდეგანო ხარ! სიბნელე, რომელსაც ოდესმე აუცილებლად დავაღწევ თავს, თვალებშ ჩაგხედავ და გეტყვი: ორი რამ ვერ შეძელი - ვერც ჯინსები შეკერე და ვერც ჩვენ დაგვაჩოქე! ხო,ხო, ჯინსებში ჩაცმული გამოგეთხოვები. ( ვაღიარებ შენთან გამოსამშიდობებელი სიტყვა დასახვეწია, თუმცა გამოვასწორებ).
13 აპრილია. უნივერსიტეტის თეთრ კედლებში დაძაბულობა აშკარად იგრძნობა. განხეთქილებაა! 497 ხელმომწერი, რომელიც 75-ე მუხლს არ ეთანხმება, დიდი გუბერნიის წინააღმდეგ. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც რეალურად ანაღვლებდა ჩვენი ბედი, თუმცა ბევრად მეტი  იყვნენ ისინი,
ვინც  უფროსობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თავგანწირული ცდილობდა გაგზავნილი ხელმოწერების ქვითრის ხელში ჩაგდებას. ეს შიდა სამზარეულო საქართველოსთვის უცხო არ გახლდათ, მოღალატეთა სიმცირეს არასდროს ვუჩიოდით, თუმცა არა მგონია ამხელა ნაციის წინააღმდეგ ამხედრებული სტუდენტებისთვის ვინმეს ან რამეს ხელი შეეშალა.
   გზა! საქართველო მოდის!
   თუმცა, სანამ საქართველო გამოვა ბრძოლის ველზე, უნივერსიტეტში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. სახეზე შიში აღბეჭდოდა, შიში ჩვენთან დაპირისპირებისა. საბედნიეროდ, როგორი თავდახრილიც მოვიდა, ისეთივე თავდახრილი გაბრუნდა.  ამაო გამოდგა მცდელობა ჩვენი  გამოსვლების შეჩერებისა. მწვავე კითხვები დავუსვით, თამამად დავანახეთ რამდენად დიდი  პასუხისთვის ვემზადებოდით. დასკვნის გამოტანა არ გასჭირვებია, სახეზე გვეწერა - ვეღარაფერი შეგვაჩერებდა!
იცით რა არის კარგი  ახალგაზრდობაში?!  - შიში არ იცის. დიახ, ჩვენ გვქონდა ასაკობრივი სითამამე, ქვეყნის დიდი სიყვარული და თავისუფლების სიყვარული. აი, ეს სამება ხდიდა ჩვენს მოძრაობას შეუჩერებელს. დიახ, გზა! საქართელო მოდის!
    14 აპრილია. ,,გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა, დროშები ჩქარა!“
და მეც საქართველოს დროშით ხელში მივდივარ აქციისაკენ თავისუფლებამოწყურებული. რატომ იყო ეს აქცია განსაკუთრებული? არ ჰყავდა ორგანიზატორი. ჩვენ, ყველამ ვიცოდით ჩვენი როლები. დაუგეგმავად შინაგანი პატრიოტული სულისკვეთება გვმართავდა. ჩვენ ვიყავით თავისუფლების ჯარისკაცები და მან ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.
რომ გითხრათ არ მეშინია-მეთქი , მოგატყუებთ. მეშინია. არა, საკუთარი თავის გამო არა. ორი გზა არსებობს: პირველი- შესავალში რომ გესაუბრეთ, ის ჩირაღდანი ერთ დიდი ცეცხლად იქცეს, ან მას ჩვენივე სისხლით ჩააქრობენ. აი, ამ მეორისა მეშინია. ალბათ, ჯოჯოხეთიც არაა ისეთი საშინელი და სასტიკი, როგორც თავისუფლების გარეშე მყოფი ადამიანისთვის მომავლის იმედის გარეშე ცხოვრება, გალიაში გამოკეტილი -,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.
     ამ აქციას  შევუერთდი, ჩემი ფიქრები რადიკალურად შეიცვალა. აღარაფრის მეშინია. ახლა უბრალოდ ამაყი ვარ, რომ ქართველად დავიბადე. დავიბადე ქართველად თუნდაც ამ საუკუნეში. დამიჯერეთ, კოსმოსის ათვისებაც კი არაფერია, ჩვენ დაპირისპირებასთან შედარებით.  მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, ლექტორები, უბრალო გამვლელები, ყველა ჩვენს გვერდითაა, ასეთი ერთიანი საქართველო არასდროს მენახა, მილიციაც კი ჩვენს მხარეს იყო თვითონვე გვთხოვდა  ცოტა მოგვაწექით და რკალი გაარღვიეთო.
    ვუყურებ და ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ  გამარჯვების გარდა, ყველა გზა ჩიხია.
აი, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა ჩემ გვერდით ის ლექტორი შევნიშნე, ორი დღის წინ  ჭკუას რომ მარიგებდა და ვითომ კალმის ბრახუნით მაშინებდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ჩემით ამაყობდა. ახლა ორივე ერთსა და იმავეს ვფიქრობთ - მოდი ერთად გავაღოთ სააუკუნეების წინ  ჩაკეტილი კარები!
    ამ ფიქრებს, მელოდიათ ერთი გოგონას ტკბილი ხმით წაგითხული ლექსი ერთვოდა. დამიჯერეთ, ბრძოლა ასეთი ტკბილი და სასიამოვნო ჯერ არ ყოფილა. არაფერი არაა ამქვეყნად იმაზე ძლიერი განცდა, ვიდრე იბრძოდე თავისუფლების სახელით.
    ვიღაცამ წამოიყვირა - თავისუფლება!! 
    ავყევით - ხო,ხო, თავისუფლება! თავისუფლება ილიას ენას, აკაკის ენას! 
ლოზუნგები არ გვაკლდა. სამედიცინოს სტუდენტები აფრიალებდნენ საკუთარ ხალათებს,  წითელი ,,პომადიანი“ წარწერებით და ეს ბრძოლა არ გავდა სხვა არცერთს ეს ბრძოლაზე მეტი იყო, ეს თავისუფლების ჰიმნი იყო ქვეყნის გულიდან ამოძახილი. ჩვენ ერთი ძალა ვართ, სისხლი ვართ საქართველოს ვენებში, გამარჯვება ვართ:
,,თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი ,
დე მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!“

    ხალხში მითქმა-მოთქმა გავრცელდა. რეზო ჩხაიძის ქალიშვილს, მეორე კურსელ
ისტორიკოსს უთქვამს: ,, თუ სახელმწიფო ენად არ აღიარეს ქართული, ბენზინს გადავისხავ და თავს დავიწვავო“. მოკლედ რომ გითხრათ, გამარჯვება გარდაუვალია, თუმცა ამ წინადადებაში მოკლე არაფერია. ეს ბევრად მეტია, ისტორიაა, საამაყო ფურცელია, თაობებმა თავაწეული, რომ უნდა აფრიალონ.
    გამარჯვების გარდა ყველა გზა ჩიხია!
     ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა და გამარჯვება გვაუწყა . დიახ, საქართველომ გაიმარჯვა ჭაობზე, რომლიდან ამოსვლის დროსაც არ დაკარგა ენა.  დღეს საქართველოს დაბადების დღე აქვს, ის ხელახლა დაიბადა. მე  შევძელი, შენ შეძელი, ჩვენ  შევძელით!
,, თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთის იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს“
   ახლა კი, ბატონო უსახელო, უკიდეგანო სიბნელევ, რაც შეეხება გამოსამშვიდობებელ სიტყვას, ჯინსები უკვე მაცვია, ქართულადაც მოგმართავ, თუმცა არ გემშვიდობები, პირიქით, ბრძოლას ვაგრძელებ იმ ტერიტორიებისთვის, რომელიც თვალთმაქცურად მომტაცე, როგორც გჩვევია. არ გემშვიდობები. გპირდები, კიდევ უამრავჯერ დაგამარცხებ, რათა კიდევ უამრავჯერ ჩაგხედო დამარცხებულს თვალებში.
,,ჩენ ვნახეთ სიკვდილი, რომელიც მოვკალით“. შენზე ბევრად ძლიერი ვარ ჩემი სუფთა და შიშველი ხელებით. ჩემო სისხლიანო და ბნელო წარსულო, გილოცავ, ვეღარასდროს იქნები ჩემი აწმყო და რეალობა, წარსულში დარჩი.  არ გემშვიდობები, თუმცა გპირდები, კიდევ უამრავჯერ დაგამარცხებ  თავისუფლების წყურვილით და სამშობლოს სიყვარულით ანთებული გულით.

გამოყენებული ლიტერატურა:
            „ 1978 14 აპრილი“_საიუბილეო გამოცემა.



Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემ შესახებ

მე გახლავართ თინა გიორგაძე,  28_ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,   დირექტორის მოადგილე.     მერვე წ...