სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე:მარიამ რამაზაშვილი
"ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
🌀"ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი".
🌀მარიამ რამაზაშვილი. 💙
თორმეტი დღე
🌀მარიამ რამაზაშვილი. 💙
თორმეტი დღე
თორმეტი დღე და სიცოცხლის ას ოცი სიცოცხლით აღსავსე წელიწადი. თორმეტი დღე, როცა არსებობს ის, რასაც გრძნობ და არა ის, რაც არსებობს. თორმეტი დღე, როცა არაფერს აქვს მნიშვნელობა, რასაც კი მნიშვნელობა აქვს. თორმეტი დღე, რომელიც ას ოცი წელიწადის სამყოფი ცხოვრებით უნდა განვლო. ას ოცი წელიწადი, როცა გიყვარს, შეიგრძნობ და განიცდი. ას ოცი წელიწადი, როცა მშრალად, უმნიშვნელოდ სიცოცხლის ნაცვლად_ცხოვრობ, ცხოვრობ თუნდაც ტყუილში, არმომხდარი მოვლენებისა და აუხდენელი ილუზიების კორიანტელში, საკუთარ სამყაროს რომ გიქმნის. ას ოცი წელიწადი ბინას ლამაზ სიზმრებში იდებ, არარსებულ რეალობას რომ გავიწყებენ. ას ოცი რეალური წელიწადი...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი ვარდისფერი ქალბატონი, მეტსახელად ლანგედოკელი მახრჩობელა, დიდ, ლამაზ სახლში რომ ცხოვრობდა და ბავშვთა საავადმყოფოში მედდად ასაკობრივი თვალსაზრისით არალეგალურად მუშაობდა, ქალი ნაკლებად შესაშური ლექსიკითა და ექსტრავაგანტული წარსულით. ვარდისფერი ქალბატონი მძიმე პაციენტების ცხოვრებაში, რომლებიც მედიცინის მოქმედებას ეჭვქვეშ თამამად აყენებდნენ, ხალისისა და არაორდინალური ისტორიების შეტანის საშუალებით უიმედო არსებობისაგან გამოწვეული ფაქტიური არარსებობის შესაძლებლობას ისეთივე წარმატებით ახრჩობდა, როგორც ოდესღაც რინგის უხსენებელი დაუმარცხებია ჯერ კიდევ ქეჩის დარგში მოღვაწეობისას_ იმაზე დიდი ეშმაკობით, ვიდრე თვითონ შექმნილი სიტუაცია ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ათი წლის ბიჭუნა_ოსკარი_მოჰყავთ კვერცხის მაგვარი თავითა და გაჩხიკული აგებულებით, მაქსიმუმ შვიდი წლისა რომ გეგონებათ, ქალბატონი როზა დედა-როზა ხდება, ხოლო მისი ცხოვრება რწმენით, სიყვარულითა და სიხარულით იმსჭვალება, თვითონ რომ არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჭარბად გასცემს, რისგანაც იღებს. და, აი ისიც, თორმეტი დღის ტრაგედია_ ოსკარი იგებს, რომ მისი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელ დღეს მოიცავს, რასაც თავზარდამცემი ეფექტი მოაქვს. ორი აზრი არ არსებობს, უნდა გამოსწორდეს. დედა-როზას თხოვნით პატარა ოსკარი სერიოზული ამოცანის წინაშეა: დაიჯეროს ის, რაც თოვლის ბაბუის ზღაპარს წააგავს, რომლისაც მას უკვე დიდი ხანია, აღარ სჯერა. ბიჭმა ღმერთს წერილები უნდა მისწეროს, რომელიც მის შემთხვევაში წარმოსახვითი მეგობრის როლს ასრულებს, რომელმაც ის ეგზისტენციალური მარტოობისაგან უნდა იხსნას, ბავშვის სიცოცხლის ბოლო თორმეტ დღეს რომ მოშხამვითა და შავად შეფერადებით ემუქრება. ცხოვრებაში დიდი დადებითი გადატრიალება ხდება: დედა-როზას მიერ მოთხრობილი ლეგენდის შთაგონებით თორმეტი დღე ას ოც წელიწადად უნდა იქცეს. ოსკარმა ყველაფერი უნდა განვლოს, სრულყოფილი ცხოვრებით უნდა დაკავდეს, როცა შეგიძლია, ნებისმიერ ასაკში შეხედო საკუთარ თავს და პროგრესი დაინახო, საკუთარ პრობლემებს გადახედო და თეთრ ხალათში გამოწყობილი მეცნიერის მსგავსად, რომელიც საცდელ ობიექტს აკვირდება, საქმიანი ტონით თქვა, ასაკის ბრალიაო. ბიჭუნა გადალახავს გარდატეხის ასაკს, შეექმნება წინააღმდეგობები ურთიერთობებში, წარმატებით შეუღლდება, და საერთოდაც, ისე გაივლის ცხოვრების ას ოც წელიწადს, როგორც ნებისმიერი ნამდვილი მამაკაცი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოსკარის პირველი ათი წელი და შემდგომი თორმეტი დღე ტყუილებითაა სავსე, ორი სახის ტყუილით_ ერთი, რომელიც გაგების შემთხვევაში ობიექტის მხრიდან მძაფრ ანტიპათიას იწვევს, და მეორე, რომელსაც ფარდა არ აეხდება, რომელიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ ცხოვრებას, რომელსაც ამის თავისთავად ქონით რომ დიდად ვერ დაიტრაბახებს, არსი მიანიჭოს. დედა-როზას მიერ გამოგონილი ისტორიები, ცხოვრების ახალი სტრატეგია და რწმენის შთაგონებაა სწორედ ის ცხოვრებისეული მიდგომები, ბიჭის ღმერთის მიმართ მიძღვნილ წერილებში გადმოცემული ამბებისათვის სპეციფიკური მგრძნობიარე ტალღისა და თეთრი ფურცლებისათვის ფერების მინიჭება რომ სძალუძს. რა მნიშვნელობა აქვს, რა არის სინამდვილეში, როცა სამყარო და მთელი შენი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური აღქმის შედეგად იღებს სათავეს? შენთვის ხომ სწორედ ის არსებობს, რასაც გრძნობ და აღიქვამ და არა ის, რასაც სამყარო მოიცავს. ადამიანისთვის ზედმეტად შემზარავია თვალი გაუსწოროს ფაქტს, რომ შეიძლება სამყარო, სიცოცხლე და ეს ყველაფერი ერთი უბრალო შემთხვევითობის უმანკო ნაყოფია, რომელიც სრულიად უმართავი და ასეთივე შემთხვევითობებზე დამყარებულია, რაც სრულ ქაოსს ქმნის, ადამიანს რომ ნიჰილიზმით ავსებს. ზედმეტად შემზარავია ეს ყველაფერი, ამიტომ ადამიანი რწმენას ირჩევს, რთულ სიტუაციებში რომ სულიერი ძალითა და იმედით ავსებს, რასაც სწორედ ოსკარის შემთხვევაში ვხვდებით ვარდისფერი ქალბატონის გულწრფელი რჩევის წყალობით. ოსკარი ღმერთს უმეგობრდება, იმედი აქვს ეწვევა, აფასებს მის შემოქმედებას, ადიდებს კიდეც და ყოველდღე საყვარელი ადამიანების მიმართ სითბოს გამომხატველი სურვილებით ანებივრებს. სიკვდილის სულაც არ ეშინია, რაღაც მხრივ, იმის შიში, რაც არც კი იცი, რა არის, ალოგიკურიც კია, მას იმაზე სწყდება გული, რისი რაობის შესახებაც ცოტა რამ მაინც გაეგება. რაღაცეები იცვლება, როცა გაიაზრებს, რომ არა მარტო ის, არამედ ყველა მოკვდება, რაც ეგოიზმისაკენ მიდრეკილებას აშორებს და არეული ურთიერთობების დალაგებისაკენ მოუწოდებს. საბედისწერო ამბის გაგებიდან თორმეტი დღის შემდეგ ოსკარი სულაც აღარაა ათი წლის ბიჭუნა, განვლო რამდენიმე დღეში ჩატეული საუკუნე და იმ დასკვნამდეც კი მივიდა, რომ „სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას.“ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოახერხა დაენახა მთელი ის დიდებულება, ნორმალურ სიტუაციებში რომ სრულებით გვავიწყდება და ყურადღებას არც კი ვაქცევთ, დიდებულება ექსტაზის ეფექტით. ოსკარი ბავშვად არ გარდაცვლილა.
პ.ს. თუ მანდ ხარ და სიტყვებს ჩვეულებრივად აღიქვამ, მინდა იცოდე, რომ ოსკარი უფლებას გაძლევს, გააღვიძო.
21-ე საუკუნეა, ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი ყოფილა, არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს გადავწყვიტე უფრო შორს სიღრმეში წასვლა, ბევრი ვიფიქრე, როგორ შემეძლო მეპოვა წარსული, ის წარსული, ყველაფერი თავდაყირა რომ დააყენა, ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად დღემდე რომ ვერ ვაღწევთ თავს, რადგან ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინაა..
„რეპორტაჟები 1978 წლის 14 აპრილის შესახებ“
14 აპრილის ქრონიკებიდან
სსიპ ქ.თბილისის N28 საჯარო სკოლის
XII კლასის მოსწავლე
მარიამ უნდილაშვილი
დაღამდა. დავაბიჯებ მარტო სუსხიან ქუჩებში და ვფიქრობ - როგორ ბნელა! არ მეშინია, რადგან ამ სიბნელეშიც არის რაღაც გენიალურად ნათელი. ჰო, გაგიკვირდებათ და არ მეშინია! ამ სინათლის ანაბარა ვარ. არ ვიცი საიდან გაჩნდა, რა დავარქვა სახელად? ალბათ, ეს საუკუნეების განმავლობაში ჩვენში, ქართველებში გენეტიკურად დალექილი თავისუფლების სიყვარულია, რომელიც მაშინ გამოჩნდება ჩირაღდანივით, როცა სიბნელე იმდენად უკიდეგანო ხდება, რომ გზა აღარ ჩანს.
ბნელა! სიბნელეს ნისლი ემატება და ნისლს გაზეთ ,,კომუნისტის“ შავ-თეთრი ფურცლები- ენას გვართმევენ! ენას - ცად სხივმიმფენს, გაცისკროვნებულს, ცისარტყელასავით მშვიდობისფერს, მყინვარივით წმინდას, სპეტაკს, თერგივით მღელვარეს, დარაჯს ჩვენი ენის, რწმენის, ერთობის და მთლიანობისა.
დიახ, სიბნელეში მივდივარ. მთვარეს ვუყურებ (რატომღაც დღეს სავსე და ნათელია). ვუყურებ და ვფიქრობ: კოსმოსის ამთვისებელ სახელმწიფოს, რომელმაც მთვარემდეც მიაღწია, რა შეუშლის ხელს ჩვენი ენის გადათელვაში?! ვფიქრობ, თუმცა ფიქრი არ სჭირდება, ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემს გულში და არა მხოლოდ ჩემს გულში, ანთებული ზემოხსენებული ნათელია - თავისუფლების სიყვარული!
განა შემთხვევითია გაზაფხული, დაუმორჩილებელი აპრილის მშიდი და ბნელი ღამე, სავსე მთვარე?! არა, არც ეს ყველაფერია შემთხვევით და არც მე ვარ უბრალოდ ამ ყველაფერის მომსწრე, მე ბევრად მნიშნელოვანი ვარ. დღეს მე ილია ვარ, აკაკი ვარ, შოთა ვარ, უბრალო სტუდენტი ვარ, მოსწავლე ვარ მომავლიდან ან უბრალოდ არავინ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ კმარა! დროა დაედოს ფასი ამდენ დაღვრილ სისხლს, ამდენ ჭირ-ვარამს და დღეს მე, უბრალო სტუდენტი ვიბრძვი, შიშველი და სუფთა ხელებით ბნელეთის წინააღმდეგ. საუკუნეებია ჩემი კულტურის ისტორიით და ფასეულობებით რომ იკვებება. უარაღო, თუმცა ყველაზე ძლიერი ვარ. განა შეიძლება ამქვეყნად არსებობდეს სადმე რამე იმაზე მეტი, ვიდრე მშობელი დედის, ანუ ჩემი შენდამი სიყვარულია?!
ამ ფიქრებში თავზე დამათენდა და ალიონზე მოქმედებაზე გადავედი. ჩემ თანამოაზრე სტუდენტებს შევუერთდი და უნივერსიტეტში, ეგრეთწოდებული, აკრძალული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ვიცოდი, დიდ საქმეს ვეჭიდებოდი, მე ვარ და ჩემი ნაბადი-მეთქი, ვფიქრობდი და ჩემ ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი. შემთვევით, ჩემი ლექტორი შემეფეთა და მეუბნება :
_ შვილო, ( ასე პირველად მომმართავს ) არ ღირს. შენს მომავალს საფრთხეს ნუ შეუქმნი,
,, პატარა კაცს დიდთანა როდის გასვლია რამეო“?!
მე თითქოს ვერ ვიგებ და ჩემს გზას ვაგრძელებ აუღელვებლად. ამ დროს მესმის კალმის ტარის სინქრონული დარტყმა კარზე და მაღალი ტონი:
- ეს კალამი რამდენიც არ უნდა აბრახუნო ამ კარზე, მას მაინც ვერ გააღებ. ასეთი უძლურია შენი ბრძოლა საბჭოეთის წინააღმდეგ. ერთი ციდა გოგო ხარ, შენზე დიდ იმედს ვამყარებ და ამ ერთ ციდა გოგოს რაში გაწყობს შეება იმპერიას, რომელსაც მსოფლიოს ერთი მეექვსედი უკავია? _ გამეღიმა, გულით გამეღიმა. ღიმილიანი სახით შემოვბრუნდი და მშვიდი ხმით ვუთხარი:
- ფიზიკის მარტივი კანონია: ნებისმიერ ქმედებას უკუქმედება მოსდევს და თუ ამ კალმისტარს ინტენსიურად და მონოტონურად ვაკაკუნებთ, ამ კარს ოდესმე აუცილებლად გავაღებთ. და თუ სიმართლის ზღურბლზე ჩემთან ერთად თქვენც დააკაკუნებთ, ოდესმე აუცილებლად გაიღება და დაგანახებთ არა მოსკოვს, არამედ ,,შუადღის მზეს“.
და აი, ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება შენზე. არ ვიცი, სახელად რა გიწოდო?! ხარ კი საერთოდ სახელის ღირსი?! შავო ბნელეთო, ჩემთვის უსასრულო და უკიდეგანო ხარ! სიბნელე, რომელსაც ოდესმე აუცილებლად დავაღწევ თავს, თვალებშ ჩაგხედავ და გეტყვი: ორი რამ ვერ შეძელი - ვერც ჯინსები შეკერე და ვერც ჩვენ დაგვაჩოქე! ხო,ხო, ჯინსებში ჩაცმული გამოგეთხოვები. ( ვაღიარებ შენთან გამოსამშიდობებელი სიტყვა დასახვეწია, თუმცა გამოვასწორებ).
13 აპრილია. უნივერსიტეტის თეთრ კედლებში დაძაბულობა აშკარად იგრძნობა. განხეთქილებაა! 497 ხელმომწერი, რომელიც 75-ე მუხლს არ ეთანხმება, დიდი გუბერნიის წინააღმდეგ. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც რეალურად ანაღვლებდა ჩვენი ბედი, თუმცა ბევრად მეტი იყვნენ ისინი,
ვინც უფროსობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თავგანწირული ცდილობდა გაგზავნილი ხელმოწერების ქვითრის ხელში ჩაგდებას. ეს შიდა სამზარეულო საქართველოსთვის უცხო არ გახლდათ, მოღალატეთა სიმცირეს არასდროს ვუჩიოდით, თუმცა არა მგონია ამხელა ნაციის წინააღმდეგ ამხედრებული სტუდენტებისთვის ვინმეს ან რამეს ხელი შეეშალა.
გზა! საქართველო მოდის!
თუმცა, სანამ საქართველო გამოვა ბრძოლის ველზე, უნივერსიტეტში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. სახეზე შიში აღბეჭდოდა, შიში ჩვენთან დაპირისპირებისა. საბედნიეროდ, როგორი თავდახრილიც მოვიდა, ისეთივე თავდახრილი გაბრუნდა. ამაო გამოდგა მცდელობა ჩვენი გამოსვლების შეჩერებისა. მწვავე კითხვები დავუსვით, თამამად დავანახეთ რამდენად დიდი პასუხისთვის ვემზადებოდით. დასკვნის გამოტანა არ გასჭირვებია, სახეზე გვეწერა - ვეღარაფერი შეგვაჩერებდა!
იცით რა არის კარგი ახალგაზრდობაში?! - შიში არ იცის. დიახ, ჩვენ გვქონდა ასაკობრივი სითამამე, ქვეყნის დიდი სიყვარული და თავისუფლების სიყვარული. აი, ეს სამება ხდიდა ჩვენს მოძრაობას შეუჩერებელს. დიახ, გზა! საქართელო მოდის!
14 აპრილია. ,,გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა, დროშები ჩქარა!“
და მეც საქართველოს დროშით ხელში მივდივარ აქციისაკენ თავისუფლებამოწყურებული. რატომ იყო ეს აქცია განსაკუთრებული? არ ჰყავდა ორგანიზატორი. ჩვენ, ყველამ ვიცოდით ჩვენი როლები. დაუგეგმავად შინაგანი პატრიოტული სულისკვეთება გვმართავდა. ჩვენ ვიყავით თავისუფლების ჯარისკაცები და მან ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.
რომ გითხრათ არ მეშინია-მეთქი , მოგატყუებთ. მეშინია. არა, საკუთარი თავის გამო არა. ორი გზა არსებობს: პირველი- შესავალში რომ გესაუბრეთ, ის ჩირაღდანი ერთ დიდი ცეცხლად იქცეს, ან მას ჩვენივე სისხლით ჩააქრობენ. აი, ამ მეორისა მეშინია. ალბათ, ჯოჯოხეთიც არაა ისეთი საშინელი და სასტიკი, როგორც თავისუფლების გარეშე მყოფი ადამიანისთვის მომავლის იმედის გარეშე ცხოვრება, გალიაში გამოკეტილი -,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.
ამ აქციას შევუერთდი, ჩემი ფიქრები რადიკალურად შეიცვალა. აღარაფრის მეშინია. ახლა უბრალოდ ამაყი ვარ, რომ ქართველად დავიბადე. დავიბადე ქართველად თუნდაც ამ საუკუნეში. დამიჯერეთ, კოსმოსის ათვისებაც კი არაფერია, ჩვენ დაპირისპირებასთან შედარებით. მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, ლექტორები, უბრალო გამვლელები, ყველა ჩვენს გვერდითაა, ასეთი ერთიანი საქართველო არასდროს მენახა, მილიციაც კი ჩვენს მხარეს იყო თვითონვე გვთხოვდა ცოტა მოგვაწექით და რკალი გაარღვიეთო.
ვუყურებ და ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ გამარჯვების გარდა, ყველა გზა ჩიხია.
აი, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა ჩემ გვერდით ის ლექტორი შევნიშნე, ორი დღის წინ ჭკუას რომ მარიგებდა და ვითომ კალმის ბრახუნით მაშინებდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ჩემით ამაყობდა. ახლა ორივე ერთსა და იმავეს ვფიქრობთ - მოდი ერთად გავაღოთ სააუკუნეების წინ ჩაკეტილი კარები!
ამ ფიქრებს, მელოდიათ ერთი გოგონას ტკბილი ხმით წაგითხული ლექსი ერთვოდა. დამიჯერეთ, ბრძოლა ასეთი ტკბილი და სასიამოვნო ჯერ არ ყოფილა. არაფერი არაა ამქვეყნად იმაზე ძლიერი განცდა, ვიდრე იბრძოდე თავისუფლების სახელით.
ვიღაცამ წამოიყვირა - თავისუფლება!!
ავყევით - ხო,ხო, თავისუფლება! თავისუფლება ილიას ენას, აკაკის ენას!
ლოზუნგები არ გვაკლდა. სამედიცინოს სტუდენტები აფრიალებდნენ საკუთარ ხალათებს, წითელი ,,პომადიანი“ წარწერებით და ეს ბრძოლა არ გავდა სხვა არცერთს ეს ბრძოლაზე მეტი იყო, ეს თავისუფლების ჰიმნი იყო ქვეყნის გულიდან ამოძახილი. ჩვენ ერთი ძალა ვართ, სისხლი ვართ საქართველოს ვენებში, გამარჯვება ვართ:
,,თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი ,
დე მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!“
ხალხში მითქმა-მოთქმა გავრცელდა. რეზო ჩხაიძის ქალიშვილს, მეორე კურსელ
ისტორიკოსს უთქვამს: ,, თუ სახელმწიფო ენად არ აღიარეს ქართული, ბენზინს გადავისხავ და თავს დავიწვავო“. მოკლედ რომ გითხრათ, გამარჯვება გარდაუვალია, თუმცა ამ წინადადებაში მოკლე არაფერია. ეს ბევრად მეტია, ისტორიაა, საამაყო ფურცელია, თაობებმა თავაწეული, რომ უნდა აფრიალონ.
გამარჯვების გარდა ყველა გზა ჩიხია!
ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა და გამარჯვება გვაუწყა . დიახ, საქართველომ გაიმარჯვა ჭაობზე, რომლიდან ამოსვლის დროსაც არ დაკარგა ენა. დღეს საქართველოს დაბადების დღე აქვს, ის ხელახლა დაიბადა. მე შევძელი, შენ შეძელი, ჩვენ შევძელით!
,, თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთის იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს“
ახლა კი, ბატონო უსახელო, უკიდეგანო სიბნელევ, რაც შეეხება გამოსამშვიდობებელ სიტყვას, ჯინსები უკვე მაცვია, ქართულადაც მოგმართავ, თუმცა არ გემშვიდობები, პირიქით, ბრძოლას ვაგრძელებ იმ ტერიტორიებისთვის, რომელიც თვალთმაქცურად მომტაცე, როგორც გჩვევია. არ გემშვიდობები. გპირდები, კიდევ უამრავჯერ დაგამარცხებ, რათა კიდევ უამრავჯერ ჩაგხედო დამარცხებულს თვალებში.
,,ჩენ ვნახეთ სიკვდილი, რომელიც მოვკალით“. შენზე ბევრად ძლიერი ვარ ჩემი სუფთა და შიშველი ხელებით. ჩემო სისხლიანო და ბნელო წარსულო, გილოცავ, ვეღარასდროს იქნები ჩემი აწმყო და რეალობა, წარსულში დარჩი. არ გემშვიდობები, თუმცა გპირდები, კიდევ უამრავჯერ დაგამარცხებ თავისუფლების წყურვილით და სამშობლოს სიყვარულით ანთებული გულით.
გამოყენებული ლიტერატურა:
დენიელ კიზი „ყვავილები ელჯერნონისთვის“
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე: მარიამ რამაზაშვილი
მიამიტი ბავშვი,გაყინული ფანჯრის მიღმა მომზირალი, „ნამდვილი ცხოვრების“ დაწყების მომლოდინე, სინათლისაკენ თვალებაპყრობილი, კეთილგანწყობილი, ბოღმის სანთხევი ობიექტი, ყოველი სულიერის მოსიყვარულე მეგობარი, პროგრესისაკენ მსწრაფი, საკუთარი „ჭიის“ გამხარებელი, ცნობიერისა და ქვეცნობიერის შეჯახება, ამაოების ფრთებმოჭრილი მსხვერპლი...ჩარლი გორდონი პიროვნებაა. ვინ არის და რამ აქცია იმად, ვინც არის - საზოგადოებამ თუ ბუნებამ? გარეგანმა ფაქტორებმა თუ შინაგანმა?
ჩარლი ინდივიდია, რომელშიც ნაიარევებით შემკობილ უსუსურ ბავშვს ჩაუბუდებია. ის მისი არაცნობიერი ნაწილია, რომელშიც ყოველ მის მიერ გაუაზრებელ მოგონებას აქვს თავი მოყრილი. ცნობიერი მასთან შედარებით ბევრს არაფერს მოიცავს, სანამ მის ცხოვრებას ერთი დიდი გარდამტეხი მოვლენა არ დააგვირგვინებს, რის შემდეგაც ის იწყებს ყველაფრის დანახვას. გონების მიღმა მიმალული მოგონებები ფსკერიდან იწყებენ ამოტივტივებას, ხოლო ყველაფერი, რისიც ოდესმე სჯეროდა, ილუზიებად იქცევა. ხედავს ვინ იყო, ააშკარავებს გარშემომყოფების რეალურ დამოკიდებულებას, იაზრებს, რომ ის, ვისი იმედიც თვალდახუჭულს ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ მის თავში გაღმერთებული „გენიოსები“ აღმოჩნდებიან, რომელთაც უკვე ბევრად გაუსწრო განვითარებით, რაც მას მეხდაცემული ხესავით გარიყულს ხდის. ჩარლის ახსენდება თუ როგორ სურდა დედას, ეგოისტური მიზეზების გამო, მისი შვილი „ნორმალური“ ყოფილიყო. ხვდება, რომ არავინ არასდროს თვლიდა პიროვნებად(მათ ხომ მის თვალწინ ისე შეეძლოთ საუბარი, თითქოს არც კი არსებობდა), მაგრამ მისი რეალობის სიმწარე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი თაგვიდან ახლა მხოლოდ „ლაბორატორიის ვირთხად“ იქცა. გონება დაეხმარა თავის განვლილ ცხოვრებასა და არსებობაში ჩადებული ყოველი აზრი, მაგრამ მასში მყოფ ფანჯრიდან მოცქირალ ბიჭუნას არსებობა არ შეუწყვეტია. ნებისმიერი ადამიანის სუსტი და ძლიერი მხარეების საწყისი შეგვიძლია მის ბავშვობაში ქექვისას აღმოვაჩინოთ. ჩარლის არასოდეს მიუღია ახლობლებისაგან ის მხარდაჭერა,რაც მას ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა, არამედ გვერდში დგომისაგან რაღაც სრულიად საპირისპირო. მერე რა, რომ მის საჭიროებაზე არც კი უფიქრია. მას ახლაც კი არა აქვს ადამიანებთან სრულფასოვანი ურთიერთობის შესაძლებლობა, რადგან დედა მიწის თხილს წაართმევს - მას ხომ ძალიან უყვარს მიწის თხილი?!
ჩარლი გორდონს ყველაფერი შეუძლია. ისიც კი, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. ის ნორმალურია, სხვებისნაირია. ექიმები ყველაფერს გამოასწორებენ. ჩარლი შეძლებს, თუ მოინდომებს - სწორედ დედის ამ დელუზიების მსხვერპლი ხდება ბიჭუნა.
შემდგომში, მიტოვებულობის ჟამს, სამსახურში იძენს „მეგობრებს“, რომელთაც ის ძალიან მოსწონთ, ის და მასთან ერთად სიცილი, მასზე სიცილი, მისი დაცინვა.
თაგვის ადამიანური ვერსია ყოველთვის ყველაფერს გრძნობდა, მაგრამ არასდროს შეეძლო გაეაზრებინა ეს. გაუმჯობესდა მისი გონება,რასაც მოჰყვა დაფიქრება და ყველაფრის ერთიანად ზვავად თავზე ჩამოწოლა, უნდობლობა, მიუსაფრობა, გულგრილობა, იმედგაცრუება...უმადურობაა იმის თქმა, რომ ამ მომენტში მისი ერთადერთი მეგობარი და სულის სწორი პატარა თაგვი - ელჯერნონი- აღმოჩნდა, რომლის ცხოვრების გზამაც მას თავისი აღსასრული დაანახა. ის იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო, მაგრამ ის ბედნიერია, რადგან ორი სხვადასხვა პიროვნების თვალით შეხედა სამყაროს. სულიერად ესწრაფვოდა ჭკვიანი ყოფილიყო, რათა ყველას მოსწონებოდა, მისით ეამაყათ და ბევრს ნდომებოდა მასთან მეგობრობა, მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა, სულაც არ აღმოჩნდა ის, რაც მას სრულფასოვნებისათვის სჭირდებოდა. ერთი შეხედვით ცუდი ადამიანები, რომლებიც მეორე შეხედვითაც ცუდები არიან, არც ისეთი საშინელი ადამიანები აღმოჩნდებიან, როგორებიც გვგონია. ასე თუ ისე, მაინც ჩარლის ნამდვილი მეგობრები არიან. ალბათ, განსხვავებულ სითბოს გრძნობ იმის მიმართ, ვინც ნებას გრთავს დაჩაგრო და ამით ხალისი შეიტანო ყველაფერში.
ჩარლიმ შეძლო პატიება,მოთმინება, სამყაროს შეგრძნება, ორი პიროვნების კანში ცხოვრება. განიცადა სიყვარული და რაც მთავარია, ჩვენგან განსხვავებით, ადამიანობაში ჩარლი გორდონი არ ჩაატარა. ის პიროვნებაა.
პ.ს. ბევრი ყვავილი ჩემგან ელჯერნონს!
სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ უნდილაშვილი
ბევრი ვიფიქრე, სად მეძებნა პასუხები და ბაბუაჩემის ლურჯ, წყლიან, ცოტათი დაბერებულ თვალებში ჩავიხედე, რათა დამენახა მისი ,,პირადი გვირაბის განათება“ , სამწუხაროდ იმდენად კაშკაშაა ეს სინათლე, რომ არა თუ პასუხი, ორი წამითაც ვერ გავუსწორე თვალი. ერთს კი მივხვდი_ ეს ის სინთლე ყოფილა, საბჭოეთზე აუგის ხსენებისას რომ ენთება. ალბათ, სწორედ ამ სინათლის ბრალია, რომ მხოლოდ ამ მომენტში არის მზად დამიპირისპირდეს მე, მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი.
იმ ქვეყნისთვის, რომელიც არასდროს იყო ისე მთლიანი როგორც მაშინ, როცა თავისუფლებას ართმევდნენ. როგორ შეიძლება ,,თავისუფლებისკენ ლტოლვა უცნობი ნაპირის უაზრო ძებნას დამსგავსებოდა“? ,,გუშინდელი დინოზავრი დღეს როგორ შეიძლება გამეფებულიყო?“ არ ვიცი, არ ვიცი. ერთი რამ კი ფაქტია, რომ ,,რანიც არ უნდა ვყოფილიყავით, სდღაც სხვაგან ვართ“ და ,,აბრეშუმის გზისპირა სამყაროს“ ეს არ ეკადრება.
ჩემთვის დიდ დეიდას არ დაუტოვებია 1000 ამბავი და ერთი ლექსი, არც მამას დაუტოვებია კითხვებით სავსე ჩანთა და არც დედამ მითხრა, სად უნდა მეძებნა პასუხები, თუმცა უამრავი კითხვა მაწუხებს და დამეთანხმებით, როგორ სიცარიელეს ტოვებს უპასუხო კითხვები.
წიგნი დაგეხმარება ყველაფრის გაგებაშიო_ მახსოვს მამიდაჩემმა მითხრა პირველი წიგნის ჩუქებისას და სწორედ ეს მახსენდებოდა, როცა ნონო ხარატიშვილის წიგნის-,,მერვე სიცოცხლის“ ნაწილს ვკითხულობდი. შესავლიდანვე ეტყობოდა ცოტათი ბუნდოვანი და დამაბნეველი იყო და ამან გამოიწვია ჩემი ასეთი ნდობა. აბა, მითხარით, როგორ შეიძლება ნათელი იყოს გზა ასეთი ბნელეთის, რომლის წყალობითაც ,,პროგრესი იმავდროულად რეგრესსაც ნიშნავს“?! მაგრამ გაიღიმეთ: ,,დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში“.
ამ წიგნმა მიმაახვედრა, რომ „თითოეული ძაფი ცალკეული ისტორიაა“ და სწორედ დეტელებში სადღაც დამტვერილი ხალიჩის კუთხეებშია დამალული პასუხები ჩემს ყველა შეკითხვაზე.
იქნებ, პასუხი ,,შავ ბედნიერებაზე“ შეყვარებული თეკლაა?! ან იქნებ ანასტასია, რომელსაც ჰგონია, რომ ,, სიცოცხლე მარტო ოცნებებისგან შედგება“ , ,,მგზნებარე კომუნისტი“ რამაზ იოსებიძე, რომელიც წყვდიადის გარდა, სხვა გამოსავალს ვერც კი ხედავდა ,ან იქნებ რამაზის მამა, ძველი ყაიდის კაცი,რომელსაც სძულდა კომუნისტები?! არ ვიცი, არ ვიცი. ერთი რამ კი ფაქტია, გაგვამარტივეს და შემდეგ დაგვნახეს ჩვენი ტვინისთვის შესაფერისად მარტივი კომუნიზმი, ყველა ფერი დაგვაკარგინეს და დაგვაჯერეს, რომ ცისარტყელა შავია, მაგრამ გაიღიმეთ: ,,დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში“
,,მომავალი უკვე კარზე აკაკუნებდა და არავინ უწყოდა, როგორი იქნებოდა ის“ რატომ?! შოკოლადივით ტკბილი და დამღუპველი იყო რეალობა, ვერ ვაცნობიერებდით, რომ ,,ზედმეტი სიკეთის მოტანას ზედმეტი სიავის მოტანა შეუძლია“ და სწორედ ამ შოკოლადით ტკბობამ დაგვაკარგინა ჩვენი თავი, ჩვენი ნაწილი ისე, როგორც ანასტასიას თავისი ტყუპისცალი და ჩენც სამარადისოდ გაგვყვება სიცარიელის შეგრძნება, როგორც ანასტასიას, მაგრამ მთავარია დავინახოთ ცისარტყელა და არ ვეწვიოთ თეკლას გზას.
,, გაიღიმეთ, დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში“
ცა დიდია, მაგრამ უცხო ვარსკვლავების ქვეშ ვერ ვინებივრებთ, უცხოს მიკედლებული დიდი ხნით ვერ გავთბებით, ჩენს გულში ანთებული სითბო გვჭირდება. მთავარია, ერთად ვიყოთ, იქ ვიპოვოთ ცისარტყელა, სადაც ხალხი უბედურებაში იძირება და საბოლოოდ დავიჯეროთ, რომ შავი ფერადი არაა.
მე მჯერა, რომ ,,სიცოცხლე სიკვდილს არ დაუთმობს გზას“ , ,, ისევ იფეთქებს“ , რადგან იასამანი მაინც ყვავის ჩვენს ქვეყანაში, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც.
ახლა კი მინდა მადლობა გადავუხადო ავტორს, რომელსაც თითქოს დიდი ხანია ვიცნობ, ავტორს, რომელმაც ჩამახედა მისთვის პირადული ,,კითხვებით სავსე ჩანთაში“ .დამიჯერეთ, არც თუ ისე მარტივია ეს და თუ თქვენც გაინტერესებთ სად უნდა ეძებოთ პასუხი, აუცილებლად წაიკითხეთ. ბოლოს კი გაიღიმეთ ,, დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში.
სსიპ ქალაქ ტბილისის N28 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე
მარიამ უნდილაშვილი
ლუის ლოურის "გამღები".
მარიამ რამაზაშვილი.
ფერის გარეშე წარმოიდგინე.
ნაცრისფერი? თეთრი? ეგეც ფერია.ყველაფერი,რასაც ხედავ,ფერია და არაფერი ფერის გარდა მაშინ,როცა ფერი ობიექტურ რეალობაში არც კი არსებობს და მხოლოდ ისაა, რასაც შენ,მე და ის აღიქვამთ.და, მაინც,ფერის გარეშე წარმოიდგინე.
იდეალური სამყარო წარმოიდგინე: არა შიმშილი და გაჭირვება, არანაირი ზედმეტი საზრუნავი,სრული ფიზიკურ_ფსიქიკური კომფორტი,სრული უტოპია.ამას რა სჯობს? რა არის იმაზე უკეთესი,როცა მინიმალურად გტკივა,მინიმალურად განიცდი და ყველაფერი კარგად ყოფნის ზღვრული ნორმის ფარგლებშია?
პატარა ჩარჩო წარმოიდგინე.
Комментариев нет:
Отправить комментарий