მარიამ რამაზაშვილი_ "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"

სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე:მარიამ რამაზაშვილი
"ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
🌀"ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი".
🌀მარიამ რამაზაშვილი. 💙
თორმეტი დღე
    თორმეტი დღე და სიცოცხლის ას ოცი სიცოცხლით აღსავსე წელიწადი. თორმეტი დღე, როცა არსებობს ის, რასაც გრძნობ და არა ის, რაც არსებობს. თორმეტი დღე, როცა არაფერს აქვს მნიშვნელობა, რასაც კი მნიშვნელობა აქვს. თორმეტი დღე, რომელიც ას ოცი წელიწადის სამყოფი ცხოვრებით უნდა განვლო. ას ოცი წელიწადი, როცა გიყვარს, შეიგრძნობ და განიცდი. ას ოცი წელიწადი, როცა მშრალად, უმნიშვნელოდ სიცოცხლის ნაცვლად_ცხოვრობ, ცხოვრობ თუნდაც ტყუილში, არმომხდარი მოვლენებისა და აუხდენელი ილუზიების კორიანტელში, საკუთარ სამყაროს რომ გიქმნის. ას ოცი წელიწადი ბინას ლამაზ სიზმრებში იდებ, არარსებულ რეალობას რომ გავიწყებენ. ას ოცი რეალური წელიწადი...
    იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი ვარდისფერი ქალბატონი, მეტსახელად ლანგედოკელი მახრჩობელა, დიდ, ლამაზ სახლში რომ ცხოვრობდა და ბავშვთა საავადმყოფოში მედდად ასაკობრივი თვალსაზრისით არალეგალურად მუშაობდა, ქალი ნაკლებად შესაშური ლექსიკითა და ექსტრავაგანტული წარსულით. ვარდისფერი ქალბატონი მძიმე პაციენტების ცხოვრებაში, რომლებიც მედიცინის მოქმედებას ეჭვქვეშ თამამად აყენებდნენ, ხალისისა და არაორდინალური ისტორიების შეტანის საშუალებით უიმედო არსებობისაგან გამოწვეული ფაქტიური არარსებობის შესაძლებლობას ისეთივე წარმატებით ახრჩობდა, როგორც ოდესღაც რინგის უხსენებელი დაუმარცხებია ჯერ კიდევ ქეჩის დარგში მოღვაწეობისას_ იმაზე დიდი ეშმაკობით, ვიდრე თვითონ შექმნილი სიტუაცია ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ათი წლის ბიჭუნა_ოსკარი_მოჰყავთ კვერცხის მაგვარი თავითა და გაჩხიკული აგებულებით, მაქსიმუმ შვიდი წლისა რომ გეგონებათ, ქალბატონი როზა დედა-როზა ხდება, ხოლო მისი ცხოვრება რწმენით, სიყვარულითა და სიხარულით იმსჭვალება, თვითონ რომ არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჭარბად გასცემს, რისგანაც იღებს. და, აი ისიც, თორმეტი დღის ტრაგედია_ ოსკარი იგებს, რომ მისი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელ დღეს მოიცავს, რასაც თავზარდამცემი ეფექტი მოაქვს. ორი აზრი არ არსებობს, უნდა გამოსწორდეს. დედა-როზას თხოვნით პატარა ოსკარი სერიოზული ამოცანის წინაშეა: დაიჯეროს ის, რაც თოვლის ბაბუის ზღაპარს წააგავს, რომლისაც მას უკვე დიდი ხანია, აღარ სჯერა. ბიჭმა ღმერთს წერილები უნდა მისწეროს, რომელიც მის შემთხვევაში წარმოსახვითი მეგობრის როლს ასრულებს, რომელმაც ის ეგზისტენციალური მარტოობისაგან უნდა იხსნას, ბავშვის სიცოცხლის ბოლო თორმეტ დღეს რომ მოშხამვითა და შავად შეფერადებით ემუქრება. ცხოვრებაში დიდი დადებითი გადატრიალება ხდება: დედა-როზას მიერ მოთხრობილი ლეგენდის შთაგონებით თორმეტი დღე ას ოც წელიწადად უნდა იქცეს. ოსკარმა ყველაფერი უნდა განვლოს, სრულყოფილი ცხოვრებით უნდა დაკავდეს, როცა შეგიძლია, ნებისმიერ ასაკში შეხედო საკუთარ თავს და პროგრესი დაინახო, საკუთარ პრობლემებს გადახედო და თეთრ ხალათში გამოწყობილი მეცნიერის მსგავსად, რომელიც საცდელ ობიექტს აკვირდება, საქმიანი ტონით თქვა, ასაკის ბრალიაო. ბიჭუნა გადალახავს გარდატეხის ასაკს, შეექმნება წინააღმდეგობები ურთიერთობებში, წარმატებით შეუღლდება, და საერთოდაც, ისე გაივლის ცხოვრების ას ოც წელიწადს, როგორც ნებისმიერი ნამდვილი მამაკაცი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოსკარის პირველი ათი წელი და შემდგომი თორმეტი დღე ტყუილებითაა სავსე, ორი სახის ტყუილით_ ერთი, რომელიც გაგების შემთხვევაში ობიექტის მხრიდან მძაფრ ანტიპათიას იწვევს, და მეორე, რომელსაც ფარდა არ აეხდება, რომელიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ ცხოვრებას, რომელსაც ამის თავისთავად ქონით რომ დიდად ვერ დაიტრაბახებს, არსი მიანიჭოს. დედა-როზას მიერ გამოგონილი ისტორიები, ცხოვრების ახალი სტრატეგია და რწმენის შთაგონებაა სწორედ ის ცხოვრებისეული მიდგომები, ბიჭის ღმერთის მიმართ მიძღვნილ წერილებში გადმოცემული ამბებისათვის სპეციფიკური მგრძნობიარე ტალღისა და თეთრი ფურცლებისათვის ფერების მინიჭება რომ სძალუძს. რა მნიშვნელობა აქვს, რა არის სინამდვილეში, როცა სამყარო და მთელი შენი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური აღქმის შედეგად იღებს სათავეს? შენთვის ხომ სწორედ ის არსებობს, რასაც გრძნობ და აღიქვამ და არა ის, რასაც სამყარო მოიცავს. ადამიანისთვის ზედმეტად შემზარავია თვალი გაუსწოროს ფაქტს, რომ შეიძლება სამყარო, სიცოცხლე და ეს ყველაფერი ერთი უბრალო შემთხვევითობის უმანკო ნაყოფია, რომელიც სრულიად უმართავი და ასეთივე შემთხვევითობებზე დამყარებულია, რაც სრულ ქაოსს ქმნის, ადამიანს რომ ნიჰილიზმით ავსებს. ზედმეტად შემზარავია ეს ყველაფერი, ამიტომ ადამიანი რწმენას ირჩევს, რთულ სიტუაციებში რომ სულიერი ძალითა და იმედით ავსებს, რასაც სწორედ ოსკარის შემთხვევაში ვხვდებით ვარდისფერი ქალბატონის გულწრფელი რჩევის წყალობით. ოსკარი ღმერთს უმეგობრდება, იმედი აქვს ეწვევა, აფასებს მის შემოქმედებას, ადიდებს კიდეც და ყოველდღე საყვარელი ადამიანების მიმართ სითბოს გამომხატველი სურვილებით ანებივრებს. სიკვდილის სულაც არ ეშინია, რაღაც მხრივ, იმის შიში, რაც არც კი იცი, რა არის, ალოგიკურიც კია, მას იმაზე სწყდება გული, რისი რაობის შესახებაც ცოტა რამ მაინც გაეგება. რაღაცეები იცვლება, როცა გაიაზრებს, რომ არა მარტო ის, არამედ ყველა მოკვდება, რაც ეგოიზმისაკენ მიდრეკილებას აშორებს და არეული ურთიერთობების დალაგებისაკენ მოუწოდებს. საბედისწერო ამბის გაგებიდან თორმეტი დღის შემდეგ ოსკარი სულაც აღარაა ათი წლის ბიჭუნა, განვლო რამდენიმე დღეში ჩატეული საუკუნე და იმ დასკვნამდეც კი მივიდა, რომ „სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას.“ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოახერხა დაენახა მთელი ის დიდებულება, ნორმალურ სიტუაციებში რომ სრულებით გვავიწყდება და ყურადღებას არც კი ვაქცევთ, დიდებულება ექსტაზის ეფექტით. ოსკარი ბავშვად არ გარდაცვლილა.
პ.ს. თუ მანდ ხარ და სიტყვებს ჩვეულებრივად აღიქვამ, მინდა იცოდე, რომ ოსკარი უფლებას გაძლევს, გააღვიძო.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემ შესახებ

მე გახლავართ თინა გიორგაძე,  28_ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,   დირექტორის მოადგილე.     მერვე წ...