ჩემი ინტერვიუ

ინტერვიუ იხილეთ გაზეთში "ახალი განათლება"
http://akhaliganatleba.ge/ar-che-va-ni-khmis-mi-tse-mith-anu-ratom-gadatsona-ra-o-de-nob-riv-ma-upi-ra-te-so-bam-2/


თინა გიორგაძე, 28-ე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე:

სახელმძღავენელოების გრიფირებისა და არჩევის პროცესი თავიდანვე როგორც დაიწყო პრობლემურად, ფაქტობრივად ისევე  გაგრძელდა.  ნამდვილად არ ვიცი რისი ბრალია, გამომცემლობების თუ დაულაგებელი სისტემის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ პრობლემები შეგვექმნა, თუმცა, საკითხავია ვისთვის სერიოზულია ეს პრობლემები და ვისთვის არა. როცა მასწავლებლები შევებულებაში იყვნენ,  სწორედ მაშინ მოვიდა მოთხოვნა, რომ სასწრაფო წესით (2-3 დღეში) აგვერჩია სახელმძღვანელოები. მის არჩევას კი გონივრული დრო სჭირდება. ისედაც, ვიდრე პრაქტიკაში არ გამოიცდება წიგნი და არ ნახავ, როგორ იმუშავებს კლასში, რთულია მისი შეფასება.  ახლა, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რამდენად რეალურია ასეთი სახით და ტემპით სახელმძღვანელოს არჩევა  რას მოიტანს? თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები თვალით არ გვინახავს. მეტიც, როცა გამომცემლობებმა მიიწვიეს პედაგოგები სახელმძღვანელოების გასაცნობად, იქაც კი არ ჰქონდათ ბეჭდური ვერსიები. ფაქტობრივად, წიგნებს ხელით არ შევხებივართ, ისე ავირჩიეთ.  თუმცა, ტელევიზიით თქვენც მოისმენდით, რომ არა აქვს მნიშვნელობა ჩვენს არჩევანს, რადგან, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას სხვა იღებდა (არ ვიცი კონკრეტულად ვინ). მე ქართულს ვასწავლი და სკოლაში მოგვივიდა ის სახელმძღვანელო, რაც ავარჩიეთ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა სხვა ავტორის წიგნები აირჩიეს და საერთოდ სხვა მიიღეს. 

წელს მე-5 და მე-12 კლასს ვასწავლი. მე-5 კლასში არჩევანი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სახელმძღვანელოზე შევაჩერე. კათედრაზე სამი მასწავლებელი ვართ და შევთანხმდით, რომელი აგვერჩია.შერჩევისას ყველა გამომცემლობის წიგნებზე არ გვქონდა წვდომა, ვინაიდან ზოგიერთის ელექტრონული ვერსიაც კი არ იხსნებოდა.  კიდევ  ერთი პრობლემა, რომელსაც წავაწყდი, მასწავლებლის წიგნს უკავშირდება. ადრე სკოლაში, სახელმძღვანელოებთან ერთად, მასწავლებლის წიგნიც მოდიოდა. წელს სახტად დავრჩით, ჯერ სახელმძღვანელო მოვიდა გვიან და აღმოჩნდა, რომ არც გვიან და  საერთოდაც არ არის გათვალისწინებული ჩვენთვის წიგნი. სოციალურ ქსელში, მაწავლებელთა დახურულ ჯგუფში დავსვი კითხვა, ვის რა ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ, მასწავლებლებმა ურთიერთგამომრიცხავი პასუხები დაწერეს - ზოგიერთ გამომცემლობაში პედაგოგებს ეუბნებიან, რომ თვითონ უნდა წაიღონ მასწავლებლის წიგნი, მას შემდეგ, რაც სკოლიდან ცნობას წარადგენენ, ზოგიერთი კი ამბობს, რომ საერთოდ არ არის დაბეჭდილი, მოკლედ სრული ქაოსია. თუმცა, მე პირადად, ინტერნეტთან მაქვს წვდომა და რადგან მე-5 კლასის მასწავლებლებისთვის (გაგვიმართლა) არის ელექტრონული ვერსია, საბოლოო ჯამში, ალბათ, იმას გამოვიყენებ.

ქართულის მასწავლებლის გარდა, სკოლაში დირექტორის მოადგილეც ვარ და ეს პრობლემა ორმაგად შემეხო. მევალება პედაგოგებს ვთხოვო, მომიტანონ თემატური გეგმები, ამისთვის, რასაკვირველია, გარკვეული დრო უნდა მივცე, გარდა ამისა, სახელმძღვანელოები რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ნაწილია დაბეჭდილი. დანარჩენს, ალბათ, ისევ ინტერნეტით გაეცნობიან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად მოახერხებენ სრულად დაწერონ თემატური გეგმა, სავარაუდოდ, მასწავლებლის წიგნებით თუ მოახერხებენ, თორემ სახელმძღვანელოების მიხედვით, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია -  ლოგიკურიცაა, როგორ გაწერენ წლის კალენდარულ გეგმას, თუკი სახელმძღვანელოს სრულ ვერსიას ვერ ნახავენ.

რაც შეეხება მე-5 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ სიახლეებს, გეტყვით, რომ ასე მარტივად სახელმძღვანელოს ანალიზი შეუძლებელია.  ერთი თვალის გადავლებით, გამიჭირდება მის ავ-კარგიანობაზე საუბარი, თუმცა, პირველ რიგში, რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ ავტორებმა, როგორც იქნა, გაითვალისწინეს, რასაც წლებია ვითხოვთ - სახელმძღვანელოში ცალკე ნაწილადაა შესული  გრამატიკა, ანუ ენის სწავლება და ლიტერატურის სწავლება ცალ-ცალკე მოხდება. დადებითად შევაფასებ იმასაც, რომ წიგნს ახლავს სამუშაო რვეული, ასევე ძალიან მომწონს სახელმძღვანელოში შესული ლექსიკონი, სადაც ერთადაა თავმოყრილი ის უცხო სიტყვები, რაც სწავლებისას შეხვდება მოსწავლეს. ეს მათ ძალიან დაეხმარება. სიახლეა ისიც, რომ შეტანილია ტექსტები უცხოური ლიტერატურიდან, მაგალითად, თვალში მომხვდა რამდენიმე თავი „ტომ სოიერის თავგადასავლიდან“, თანამედროვე ქართველი ავტორები არ შემინიშნავს, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ძალიან მცირე დრო მქონდა. სულ ეს არის, რაც მოვასწარი სკოლაში პარასკევს წიგნის მოტანის შემდეგ. ამიტომ დეტალური ანალიზი გამიჭირდება. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემ შესახებ

მე გახლავართ თინა გიორგაძე,  28_ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,   დირექტორის მოადგილე.     მერვე წ...